მაჩალიკაშვილის საქმე

24 საათზე მეტია გასული სუს-ის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებიდან, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ამ დრომდე ბრალიც კი არ წაუყენებიათ. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას ხვალ აპირებს. მანამდე კი ტერაქტის მზადების გეგმას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ გაბრაზებული ადამიანის ფიქრები. ასე არ ფიქრობს სოსო გოგაშვილი, რომლის ლიკვიდაციას, გამოძიების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ზემო მაჩხაანში, სასაფლაოზე გეგმავდა. გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს პოტენციურ ტერორისტად მოიხსენიებს და ვრცლად საუბრობს, როდის მიიღო ინფორმაცია მისი სავარაუდო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ. ინტერვიუში გოგაშვილი 2017 წლის დეკემბერში პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იხსენებს, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეზონანსულ, თუმცა დღემდე გამოუძიებელ საქმეზე დაკითხვას ითხოვს.