ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერიც აქციაც, რომელზეც ბელარუსის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. სამთავრობო მიტინგი ბელარუსის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან გაიმართა. ლუკაშენკომ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის მოედნებისa და მიტინგების მომხრე არ არის, თუმცა, იძულებული გახდა, რომ მხარდამჭერები მიტინგზე შეეკრიბა. ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები შედგა, რადგან  არ შეიძლება 80%-ზე მეტი ფალსიფიცირებული იყოს. მისივე თქმით, განმეორებითი არჩევნების ჩატარება ქვეყანას დაღუპავს. მან ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში კვლავ გარე ძალები დაადანაშაულა, ხოლო მის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს მართული უწოდა. „წავალთ არჩევნებზე – დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ. ვის სურს ახალი არჩევნები, ფანჯრიდან გაიხედეთ! ნატო-ს ჯარი დგას ჩვენს საზღვრებთან“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. მიტინგზე მისვლამდე ალექსანდრ ლუკაშენკო ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.