ლუგარის ლაბორატორია - რუსეთის ბრალდებების სამიზნე 

არაერთი ცილისმწამებლური თავდასხმის შემდეგ „კოვიდ-19“-თან მებრძოლი მთავარი სტრატეგიული ცენტრი კიდევ ერთხელ ხდება შეტევის ობიექტი. ამჯერად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას არასერიოზული განცხადებით აგრძელებს. არაღიარებული რეჟიმი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის გატაცების ღიმილისმომგვრელ ვერსიას ავრცელებს და მის დაკავებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დაჭერის სურვილით და შემდეგ ლუგარის ცენტრისთვის მიყიდვის გეგმით ხსნის.

გახსნის დღიდან სენატორ ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთის აბსურდული ბრალდებების ადრესატია – მოსკოვმა ის არაერთხელ დაადანაშაულა საშიშ პათოგენებზე მუშაობასა და საეჭვო წამლების თუ ექსპერიმენტების წარმოებაში. შეტევა კორონავირუსის გავრცელების და პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ უსაფრთხო და წარმატებული ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.