ლუდის ხარშვის ტრადიცია - სამუშაო ჯგუფი პარლამენტში

საქართველოს მთიანეთში „ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო და დღეს სამუშაო გეგმა განიხილა. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში შექმნილი ჯგუფის მიზანი საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარდგენაა. დღეს დაიგეგმა, რომ შეიქმნება გადამღები ჯგუფი, რომელიც ნომინაციაზე წარსადგენად ფილმს მოამზადებს, მანამდე კი სამუშაო ჯგუფი იმ ოჯახების ნუსხას შეადგენს, რომლებიც ლუდს ტრადიციული მეთოდებით ხარშავენ.

პარალელურად, დაიგეგმა სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციების ჩატარება, იმის აღსაწერად, თუ სად რა ტრადიციაა შემორჩენილი. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ყველა უწყებასთან კოორდინაციას გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის სრული პაკეტი ექნება მომზადებული, ხოლო მომავალი წლის მარტში საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციულ მეთოდს იუნესკო-ს ნომინაციაზე წარადგენენ.