ლინას ლინკევიჩუსის განცხადება

მსურს, მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რაც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

როგორც ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლიეტუვა მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ ყველა მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართაც.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვილნიუსი ყოველთვის ელოდება, რომ ქვეყანაში იქნება ძლიერი დემოკრატია.

ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი კანდელაკი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – სოფო ქაცარავა და ბექა ოდიშარიაც დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.