„ლიმბახის კვლევა“ - სააკაშვილი მოწამლული არ არის

გერმანიის ლაბორატორიიდან მიღებულმა დასკვნამ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ბრალდება გააბათილა.

ანალიზის პასუხებზე დაყრდნობით კლინიკა „ვივამედი“ ყოფილი პრეზიდენტის ინტოქსიკაციის ფაქტს გამორიცხავს. კვლევის მიხედვით, პატიმრის ორგანიზმში ყველა მძიმე მეტალი ნორმის ქვედა ზღვარზე უფრო ქვემოთაა. „ლიმბახის“ დასკვნა, ისევე როგორც თვეების წინ ჩატარებული ანალოგიური კვლევა, ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ მოწამვლის და ჯანმრთელობის მკვეთრი დამძიმების შესახებ მუდმივი განცხადებები სააკაშვილის გასათავისუფლებლად დაგეგმილი კამპანიის ნაწილია. ამ კამპანიის ნაწილად განიხილება ის ჯილდოებიც, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ოჯახს დღეს პოლონეთში, მანამადე კი ნორვეგიაში გადასცეს. ვარშავაში გამართულ ცერემონიას სააკაშვილის გარემოცვასთან ერთად პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც ესწრებოდა, რომელიც დაჯილდოების დროს გაკეთებული განცხადების გამო „ქართული ოცნების“ კრიტიკის ადრესატად იქცა.