სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული, გრიგოლ ლილუაშვილი არ დასწრებია. თუმცა, მისმა ადვოკატმა განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება, შეფასების თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე დაკავებები და ბოლო პერიოდში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მხოლოდ შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია. მათი თქმით, აღნიშნული პირების კორუფციულ გარიგებაზე ისინი წლების წინ საუბრობდნენ, თუმცა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მმართველ გუნდში საპასუხოდ აცხადებენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.