ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც. პროკურატურამ პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობა დააყენა, მიზეზად კი – საქმეში არსებული მოწმეების უსაფრთხოება დაასახელა. პროკურორის განმარტებით, საქმეში კონკრეტული მოწმეები მიუთითებენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობაზე, ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ მოწმეებს და მის ოჯახის წევრებს შეექმნათ საფრთხე. პროცესის დახურვაზე შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ლილუაშვილის ადვოკატების თქმით, პროცესის საჯაროობა მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში ლილუაშვილის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და პროცესი დახურა. გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.