„ლიფაანალი“ – უძველესი სვანური ტრადიცია
ლიფაანალი მიცვალებულთა სულების პატივსაცემად იმართება. ზემო სვანეთში რიტუალი ყოველთვის ნათლისღების წინა დღეს, 18 იანვარს იწყება და მომდევნო ორშაბათამდე გრძელდება, შესაბამისად, წელს ყველაზე მოკლე, ერთდღიანი ლიფანალი იყო. 18 იანვარს სუფრას გააწყობენ და ოჯახის წევრების, ახლო თუ შორეული ნათესავებისა და წინაპრების სულებს მოიწვევენ. როდესაც ლიფაანალი რამდენიმე დღეს გრძელდება, სვანებს სწამთ, რომ ერთი ღამით, შაბათ საღამოს, მიცვალებულები ლალხორში, სათათბირო ადგილას მიდიან, სადაც მსჯელობენ როგორი იქნება ოჯახებისთვის მომავალი წელი. ორშაბათს გამთენიისას უკვე გაცილების რიტუალი სრულდება. არსებობს ვერსია, რომ ადრე სულების მასპინძლობა საქართველოს ყველა მთიან რეგიონში გავრცელებული წესი იყო, შემდეგ კი მხოლოდ სვანეთმა შეინარჩუნა. ამ რიტუალს სვანეთიდან დიდი ხნის წინ გადასახლებული ოჯახების უმრავლესობაც დღემდე ატარებს. მიცვალებულთა მოხსენიების ამ ფორმას ეკლესია კანონიკურად არ მიიჩნევს.
ნათია ქენქაძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები