ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია ლიეტუვის

სეიმი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, სეიმმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ქართველი ხალხის კანონიერ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლიეტუვის პარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობის მიერ თბილისსა და ქვეყნის სხვა ადგილებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და უკანონო დაკავებას, ასევე მმართველი პარტიის ოფიციალური პირებისა და პროსამთავრობო მედიის მიერ რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციული ნარატივების სისტემატური გავრცელებას ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით. სეიმის აღნიშნული რეზოლუცია 109 ხმით იქნა მიღებულ ერთის წინააღმდეგ. რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე. ამასთან, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს შეიზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის. სეიმმა დაასკვნა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც სამართლიანად. სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დარღვევების სათანადოდ და ყოვლისმომცველად შესაფასებლად. სეიმმა ხაზი გაუსვა, რომ იგი განაგრძობს საქართველოს ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას.