ლიეტუვის მიერ დაწესებული მორიგი სანქციები შეფასებების თემაა თბილისში. „ლელოს“ განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სანქცირებულთა სია ამ მიზნით ფართოვდება. ინდივიდუალურ სანქციებს მიესალმება პარტია „გახარია-საქართველოსთვის“. რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართულ ოცნებაში“ ამ გადაწყვეტილებას უსამართლო მიდგომას უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნდება. ცნობისთვის, ლიეტუვის სანქციებში მოხვდნენ მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ გვერდის საძიებო სისტემაში, ამ დროისთვის საქართველოს სულ 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.