ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა. „მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის არასასურველ პირთა სიაში, ავუკრძალე მათ ქვეყანაში შემოსვლა განუსაზღვრელი დროით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად“, – დაწერა მან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, ასევე აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული, რა იყო პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მიზეზები და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუვამ საქართველოს 74 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. ლიეტუვის ეროვნულ შავ სიაში კიდევ საქართველოს 74 თანამდებობის პირი მოხვდა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევებზე, ასევე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებზე. ლიეტუვის მიერ ახლად სანქცირებულ პირთა შორის არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე საქართველოს მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციის თანამდებობის პირები, მათ შორის – ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიმცემნი და მისი უკანონო დაკავების ხელშემწყობნი“, – ნათქვამია განცხადებაში.აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრასიუ. „ლიეტუვამ საქართველოს 74 ოფიციალური პირი დაამატა იმ პირთა სიას, რომელთა შესვლაც ლიეტუვაში აკრძალულია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მათ სწრაფვაში“, – წერს მინისტრი. ასევე, ძალაში შევიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციელს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს. „საქართველოში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა მიუღებელია, დანაშაულებრივია და ადამიანის უფლებების დარღვევაა“, – განაცხადა ცაჰკნამ. ესტონეთში შესვლის აკრძალვა სულ 83 ქართველ პირს დაუწესდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ პირების სია, რომელზეც ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ვრცელდება.