ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფის განცხადება

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი. სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა, გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.

განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.