ესტონეთი და ლიეტუვა დასანქცირებულთა სიას ზრდის. ესტონეთმა სანქციები კიდევ 14, ლიეტუვამ კი 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. ასევე ისმის მოწოდებები ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირებისკენაც. „ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ ქართველების სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ, მანამდეც გამოაქვეყნეს.
ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.