მოახერხებენ თუ არა ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმებას – უკვე რამდენიმე საათია ბრიუსელში ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. დისკუსიის მთავარი თემა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსის მოძიებაა. ამერიკული დახმარების შეწყვეტის პირობებში, ევროკავშირი უკრაინისთვის უკანასკნელი იმედია, საჭირო ფინანსების მიღების რეალური წყარო კი ომის შემდეგ, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებია. თუმცა, ამ იდეას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. პირველი ბელგიაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსული აქტივების უზრუნველყოფით უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციული სესხის გამოყოფას, იმ ბატის დაკვლას ადარებს, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს. ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან იტალია, მალტა, ჩეხეთი და უნგრეთიც. მომხრეთა შორის ყველაზე აქტიურია გერმანიაა. ფრიდრიხ მერცი ევროპას ერთიანი და ძლიერი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრიუსელის იმიჯისთვის კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებს. ევროკავშირში მიმდინარე განხილვების პარალელურად, საპასუხო ზომებით იმუქრება რუსეთი. საყურადღებოა ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რეპარაციული სესხის ყველაზე გავლენიანი მოწინააღმდეგე აშშ-ია, რომელსაც რუსული აქტივების გამოყენების საკუთარი გეგმა აქვს.