„ლიდერფუდის“ თანამშრომლების გაფიცვა 

მცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი გენერალური დირექტორის, რომა ანთიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდება, კომპანია ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. მათი თქმით, ერთ-ერთი მეწილე ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს არ აძლევს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, არსებობს საშიშროება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მმართველი დაინიშნება, საკადრო ცვლილებები მოხდება. როგორც გენერალური დირექტორი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, მეწილე ირაკლი დუმბაძე მას გამოგონილი ბრალდებებით სასამართლოში უჩივის, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს. კომპანია „ლიდერფუდის“ 50 %-იანი წილის მფლობელი ირაკლი დუმბაძე საქართველოს პირველი არხის ზარებს არ პასუხობს.