ლევილის მამულის „ახალი სიცოცხლე“ – საზეიმო გახსნა
ლევილის მამულის ახალი სიცოცხლე – ათწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. შატოში – ისტორიულ ცენტრში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც დამთვალიერებლები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებასა და იმ ადამიანების მოღვაწეობას გაეცნობიან, რომლებმაც უცხოეთში ქართული სახელმწიფოებრივი იდეა შეინარჩუნეს.
ქართველთა მამულის მემატიანედ და თანამედროვე სამეცნიერო სივრცედ კი ბიბლიოთეკა იქცა, სადაც განთავსებულია მემორიალური და თემატური კოლექციები, ლევილის ბიბლიოთეკისა და სტამბის ისტორიის ექსპოზიცია, ასევე, თანამედროვე ელექტრონული სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკა საქართველოს ისტორიისა და ემიგრაციის საკითხების კვლევის, დისკუსიების გამართვის, ასევე, ქართული ემიგრაციული მემკვიდრეობის სიღრმისეული შესწავლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება. შატოს მიმდებარედ გაშენდა ახალი ბაღი, რომელიც სრულად შეესაბამება მამულის ისტორიულ-არქიტექტურულ გარემოსა და მისი განვითარების საერთო კონცეფციას.
ლევილში ქართული მამულის ისტორია 1922 წლიდან იწყება; საბჭოთა ოკუპაციის გამო, საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, პარიზიდან 30 კილომეტრში, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შატო შეიძინა და ამის შემდეგ ლევილი გახდა ეროვნული იდენტობის გადარჩენის მთავარი სიმბოლო.
1928 წლის „მორალური ანდერძის“ მიხედვით, მამული ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოს უნდა გადასცემოდა. ეს პირობა 2016 წელს შესრულდა – მამული ოფიციალურად დაუბრუნდა საქართველოს, რის შემდეგაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა – თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება დეტალებით.