ლევან მახაშვილის წერილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს. ის აღნიშნავს, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის, ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. მისივე თქმით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულებელყოფენ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას.

როგორც მახაშვილი წერილში აღნიშნავს, შეშფოთებულები არიან ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით – პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. როგორც მახაშვილის წერილში ვკითხულობთ, ის ფაქტი, რომ პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენდეს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელი მიდგომა არასწორია.