ლევან მაჭავარიანის წერილი – გამოხმაურება
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე დუმილის გამო მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას აკრიტიკებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტის შეფასებებისგან თავის შეკავება და მისი მნიშვნელობის არ აღნიშვნა ოპოზიციურ პარტიებს გარე ძალებმა დაავალეს და ამ საკითხზე დუმილი ურჩიეს. ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობას ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკურ შედეგად აცხადებს და სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მაჭავარიანი ოპოზიციას აგენტურულ პარტიებად მოიხსენიებს და წერს, რომ ვიზიტზე დუმილი ოპოზიციური ძალების კოორდინირებულად მოქმედებას და მათ ქვეყნის გარედან მართვას ადასტურებს. დეპუტატის აზრით, ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის ფონზე კიდევ ერთი არგუმენტია, „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ხელი მართავს.