ლევან მაჭავარიანის წერილი
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს განცხადებით ეხმაურება საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან მაჭავარიანი.
ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, ერთის მხრივ, ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების მომცემია. ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, სრულ დუმილს ამჯობინებენ. ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია, პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ,“ – წერს ლევან მაჭავარიანი.