ლევან მაჭავარიანის წერილი
ოფიციალური თბილისის მორიგი მწვავე კრიტიკა ევროდეპუტატებს. ბრიუსელს ამჯერად პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკრიტიკებს. ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ვრცელი წერილით ეხმიანება. მისი თქმით, ის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საფრანგეთში პოლიციის ქმედებებზე რეაგირების არ ახდენენ, სწორედ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, ევრობიუროკრატები ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ. „დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. მცირედი განცხადებაც კი არ დაუწერიათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც ძალოვანი უწყებების მხრიდან სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება სისტემურ ძალადობად შეგვიფასეს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების აღკვეთის გამო. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, კრიმინალ სააკაშვილს მორიგ, უკვე მეცხრე რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ”- წერს ლევან მაჭავარიანი.
ლევან მაჭავარიანის წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.