ლევან მაჭავარიანის განცხადება

15:09, 06.10.2026

„ევრობიუროკატებს მოუწევთ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარება, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით, დასხდებიან და დაგველაპარაკებიან, ჩვენ კი ყველა დონეზე გაცხადებული გვაქვს, რომ მზად ვართ, დავივიწყოთ ამდენი უსამართლობა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

განცხადებაში ვკითხულობთ: „რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთესო ხუთეულში გადავინაცვლეთ. ასევე, მათივე გამოქვეყნებული ყველა კვლევითა და ინდექსით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს ეხება, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით. კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით. ისინი ცდილობენ, ნებისმიერი გზით ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“ მათ მიერ მართული აგენტურით. მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე! მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრებზე ვერ დაგვითანხმეს ომში ჩართვაზე, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის მიზნით დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, მას შემდეგ, რაც, ბრიუსელიდან დაფინანსებული აქციების მიუხედავად, უარი ვთქვით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური ნებართვით გაგზავნაზე და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე, დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის საკითხით რევოლუციის მოწყობა დადგა. 2022 წლის აპრილიდან დაიწყო აგენტურული პარტიების, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების დატრენინგება ივნისის რევოლუციური მოვლენებისთვის. თვეებით ადრე დაიწყო ბრიუსელისგან მხარდაჭერილმა აგენტურამ 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციისთვის მომზადება. რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიამ ოფიციალურად სოლიდარობა აღუთქვა ხელისუფლების დამხობის ამ გეგმას. 2022-2025 წლებს შორის ვიხილეთ კიდევ სამი რევოლუციის მცდელობა, რომელიც ასევე ბრიუსელისგან იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული. რევოლუციების მცდელობების გარდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, მათი მხრიდან გვახსოვს სხვა უამრავი უსამართლობა, სიცრუე, დეზინფორმაცია და ჩვენს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა: ჩვენ არავის არ ვესხმით თავს. ჩვენი მხრიდან გაკეთებული კომენტარები და განცხადებები მხოლოდ პასუხია ამდენ სიცრუესა და უსამართლობაზე. ჩვენ ვართ თავმოყვარე ერის თავმოყვარე ხელისუფლება. არავის მივცემთ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის საშუალებას“.

მსგავსი