ლევან კოღუაშვილის ფილმი ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, 9 სექტემბერს, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ რვა ფილმია შერჩეული. ფილმი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით არის გადაღებული.
„გურია“ შვიდი ქვეყნის – საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე – „ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.