ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და დაწყებიდან მედიისთვის მალევე დაიხურა. პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის, ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გასცა ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება და საკუთარი პოზიცია უკვე გამჟღავნებული ჰქონდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოხელეებისთვის ქრთამის საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. მოგვიანებით, მას ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარედგინა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.