ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე. ისაუბრეს როგორ მოხდა ხაბეიშვილის დაკავება და როგორ უშლიდა ხელს საგამოძიებო მოქმედებებს მურთაზ ზოდელავა. სიტყვის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა, მან 15-წუთიანი მიმართვის ძირითადი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ ლიდერები პასუხისმგებლობას გაურბიან. მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ უწევს წინააღმდეგობას, მაშინ უნდა დათანხმდეს შეთავაზებულ დიალოგს გარკვეული პირობებით, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.