ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახი საქმის სწრაფ გამოძიებას და მკვლელობის დამკვეთის დადგენას ითხოვს. ოჯახის უფლებადამცველის თქმით, საქმეში არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მკვლელობამდე საქმეზე დაკავებული გელა უძილაური ტელეფონით ვიღაცას ეკონტაქტება. ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ჯანგველაძის ჩამოსვლა ქვეყანაში გასაიდუმლოებული იყო და შეუძლებელია ამის შესახებ ინფორმაცია მკვლელს ჰქონოდა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ უძილაური მარტო არ მოქმედებდა. შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძე 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე დაკავებული გელა უძილაური დეტალებზე არ საუბრობს და ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.