ლევან იოსელიანმა სოლოლაკში წიწვოვანი ნერგები დარგო

„გამწვანება აჭრელების ნაცვლად,“ – ამ გზავნილით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად დღეს უკვე მეორედ დარგო ნერგები. იოსელიანმა ამჯერად 20 წიწვოვანი ნერგი სოლოლაკში, სულხან საბას ქუჩაზე მდებარე სკვერში დარგო და განაცხადა, რომ მსგავს აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს. მან უარი თქვა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარი გამოსახულებით სარეკლამო პლაკატების ბეჭდვასა და ქალაქში გაკვრაზე. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო ამახინჯებს. წინასაარჩევნო პლაკატების თანხით კანდიდატი მოქალაქეების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე მთაწმინდის რაიონში არსებულ სხვადასხვა უბანს გაამწვანებს.