საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.
სახალხო დამცველი შეხვდა მოქალაქეებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოში არცერთ სოციალურ საცხოვრისში არ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა. ომბუდსმენის შეფასებით, ადამიანის საცხოვრებლად აქ ღირსების შემლახველი პირობებია და შარშანდელისგან ბევრი არაფერი შეცვლილა. შენობაში, სადაც 60-დე ბავშვი ცხოვრობს, ფუნქციონირებს მეტადონის პროგრამა. სოციალური საცხოვრისი ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაშია განთავსებული. საცხოვრებელში არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. აქ მაცხოვრებელთა თქმით, ჭერიდან ჩამოდის წყალი და ცვივა ბათქაში. გორის სოციალურ საცხოვრებელში განთავსებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შიდა ქართლის გუბერნატორსაც შეხვდება.