საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ლევან ჟორჟოლიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს განუმარტა რეფორმის არსი და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის თვისებრივად განახლებას გულისხმობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია, სახელმწიფო საწარმოები დოტაციაზე ყოფნის ნაცვლად იყვნენ მომგებიანი და ფული შეიტანონ ბიუჯეტში, გაიმართოს მენეჯმენტი და გაძლიერდეს სამეთვალყურეო საბჭოები. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოები არ შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და სამი წლის შემდეგ – 2028 წლისთვის, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.