„კონტი ჯგუფთან“ დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე „კონტი ჯგუფი“ კვლავ რჩება პროექტის რეგისტრირებულ აქციონერად.
ახვლედიანის თქმით, „კონტის“ ზაფხულში ჰქონდა გაცხადებული, რომ ის პროექტს ტოვებდა და აქციების 42%-ის გაყიდვას აპირებდა. ოფიციალურად ეს ტრანზაქცია კი ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, რაც დროში ვერ მოესწრო, შესაბამისად, კონსორციუმის ხელმძღვანელის განმარტებით, „კონტი“ პროექტში რჩება და აქციების გაყიდვა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ „კონტი ინთერნეიშენალმა“ შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად. მოგვიანებით, კონსორციუმის საპასუხო განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ელოდებიან აქციების გამოსყიდვას, რათა ანაკლიის პორტის პროექტი მალე დატოვონ.
თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. დიპლომატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება.