„ლეოგრანდის“ ხანძრის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერებს. დაკავებულების მიმალვის საფრთხესა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის სავარაუდო მცდელობაზე ამახვილებდა ყურადღებას ბრალდების მხარე.  სასამართლომ  პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, სასტუმროს ორ თანამშრომელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება დაკავებულების უფლებადამცველებს, იურისტები 20 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.  სასტუმროს ტექნიკური მენეჯერს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ასევე ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელ პირს – საქართველოს მოქალაქეს, – გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება.

შემდეგი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი, მსუბუქად დაშავდა.