წარსულში ერთმანეთის კრიტიკოსები წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტნიორები ხდებიან.
„ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შიდა ზეწოლის და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ გეგმა არ შეცვალა. „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით ორი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, იმოქმედებენ კოორდინირებულად და შეეცდებიან მერობის თუ მაჟორიტარი დეპუტატობის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას. წინასაარჩევნო ალიანსს საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიებისგან. გახარიას და ხაზარაძეს, რომლებსაც ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მძიმე შინაარსის განცხადებები აქვთ გაკეთებული, არცთუ შორეულ წარსულსაც ახსენებენ.
დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკას და ბრალდებებს ორივე პოლიტიკური გაერთიანება დუმილით ხვდება.