„ლელოს“ ინიციატივა - ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირება  

„ლელოს“ ინიციატივამ საპარლამენტო ოპოზიციაში უთანხმოება გაამწვავა.

მამუკა ხაზარაძის გუნდი კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის იდეით გამოდის და ოპოზიციურ პარტიებს პრემიერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს სთავაზობს. არსებობს პირობაც – ჩრდილოვან კაბინეტში ძალოვანი მინისტრები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა წარადგინოს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი წინადადებას მხარს არ უჭერს. „ლელოს“ ინიციატივა იმ პროცედურის ნაწილია, რომელიც ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დააანონსეს. იგულისხმება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. შესაბამისი პროცედურის დასაწყებად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ოპოზიციას მხოლოდ 66 ხმა აქვს. ამიტომ პარტიების ნაწილი პროცესის აზრს ვერ ხედავს. მამუკა ხაზარაძის დღევანდელმა მოწოდებამ კი შიდა უკმაყოფილება იმდენად გაზარდა, რომ შესაძლოა უნდობლობის პროცედურის ინიცირებისთვის საჭირო ხმებიც კი ვერ მოგროვდეს.