„ლელოს“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ის პარტიები, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ერთი კვირის წინ წერილობით დაადასტურეს. „საერთო ბრძოლის ღალატი“- ასე აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიციის მიერ გაცხადებულ გეგმას. პარტიის თავმჯდომარე „ლელოს“ წევრებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. მსგავსია ელენე ხოშტარიას შეფასებაც. „დროას“ ლიდერი წერს: „4%-იანი „ლელო“ რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს“.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ „გირჩში“, სადაც ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყნის გარეთ ქართული პოლიტიკური ველიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა და ისეთების წინ წამოწევა იგეგმება, როგორიც გახარია-ხაზარაძის პარტიებია.