ლელო ძლიერი საქართველოს განცხადება - გამოხმაურება

პარტიების „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს ცენტრალურ შტაბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის მერობის კანდიდატებზე დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლნისში მათი მერობის კანდიდატის, ასეფ ჩირაგოვის მიერ კანდიდატურის მოხსნა იყო ზეწოლის შედეგი და მცდელობა, თანხის სანაცვლოდ კანდიდატურა მოეხსნა. კუპრაძის განცხადებით, ისინი კანდიდატებზე ზეწოლას კვლავ ელოდებიან, თუმცა, გამარჯვებისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ თავად ასეფ ჩირაგოვმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები სოციალურ ქსელში განმარტა . „სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა”- წერს ჩირაგოვი.