ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ასევე პროცესზე თავად ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.