ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება, სოფიამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი თქვა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა. ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციებია დაწესებული და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ნოტაში. ბულგარეთის მიერ რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები სკოპიეში თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.