ლატვიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება

ვიდრე რუსები უკრაინაში იბრძვიან, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება – ეს განცხადება, ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ინდული კრეკისმა, ლატვიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მანამდე ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხეებია განხილული. უწყებაში მიიჩნევენ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ლატვიაზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამის ალბათობა შესაძლოა, გაიზარდოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ლატვიური სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ლატვიის წინაშე რეალური სამხედრო საფრთხე რომ არსებობდეს, ამის მთავარი მტკიცებულება, მის საზღვართან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია იქნება. ის ვარაუდობს, რომ ვიდრე რუსები უკრაინაში ომობენ, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. ლატვიური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ვითარება გაუარესდება, თუ უკრაინაში ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ან კონფლიქტი გაიყინება. სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო საფრთხე გაიზრდება.