ლაშა მაღრაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე
ნიუ იორკი, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულს მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა ტერორიზმისგან თავისუფალი მომავლის უზრუნველყოფაა. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველო. ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. ლაშა მაღრაძემ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის ტრანსფორმაციაზე, რომელიც სცილდება სახელმწიფო საზღვრებს და ახალი, ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების საჭიროებაზე. დადასტურდა საქართველოს სრული მზადყოფნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონულ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ახორციელებს ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.