„ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს

ფრანგული კომპანია „ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპანიას დასამალი არაფერი აქვს და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამოძიებას უკვე გადაეცა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალმონელათი დაბინძურებული საკვების გამო, საფრანგეთში მოწამვლის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

რამდენიმე კვირის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.