ლაგოდეხში გარდაცვლილი მოსწავლის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს

გურგენიანის ჩანჩქერზე​ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. მას სავარაუდოდ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. მომხდართან დაკავშირებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე თვითმხილველების და რამდენიმე უცხოელი ტურისტის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გოგონა მდინარეში საბანაოდ თავად ჩავიდა, წყლის ჩქარ დინებას ვერ გაუმკლავდა და დინებამ ქვის ქვეშ მორევში ჩაითრია. საქართველოს პირველ არხს აღნიშნული ვერსია დაუდასტურა ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოსთან მყოფმა გოგონას ბიძამაც, რომელმაც თქვა, რომ გოგონამ ტელეფონი და ჩანთა წყალში ჩახტომამდე ნაპირზე დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოსწავლეები და პედაგოგები მოწმის სახით უკვე გამოიკითხნენ.