ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადიდებულ ხევებში წყლის დონემ იკლო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, ადიდებულ ხევებში წყლის დონემ იკლო. ნაპირსამაგრი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს მდინარე კაბალზე, სადაც გუშინ ღამით წყალმა კალაპოტის ერთი მონაკვეთი გაარღვია. რეგიონში დღეს აღარ უწვიმია და ხევებში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.

გამოიდარა თუშეთშიც, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა დილიდან თავისუფალია, თუმცა გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ამ დროისათვის ექვსი ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ახმეტის მერის თქმით, იმ პერიმეტრის ინტენსიური კონტროლი მიმდინარეობს, სადაც ქვა-ღორღის ჩამოცვენის ყველაზე დიდი საფრთხეა.

პერიოდულად წვიმს აჭარაში, თუმცა წვიმას მოსახლეობისათვის პრობლემები არ შეუქმნია. კვარიათში მეწყერის შედეგად დაზარალებული ნარაკიძეების ოჯახი დროებით ისევ სასტუმროში რჩება. დამეწყრილი ტერიტორია უკვე შეისწავლეს გეოლოგებმა.