ლაგოდეხი-გურჯაანის საავტომობილო გზა წყლით არის დატბორილი

ლაგოდეხი-გურჯაანის საავტომობილო გზა ჯერ ისევ წყლით არის დატბორილი. იქ, სადაც მანქანების სავალი ნაწილია, მდინარე ალაზანი მოედინება. წყლის დონემ შედარებით იკლო, თუმცა ვითარება ადგილზე მაინც რთულია. უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე დღის წინ დატბორილ ვენახებსა და ბაღებს კიდევ ერთხელ გადაუარა. მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს მოსავლის გარეშე დარჩებიან, მიწის დასამუშავებლად კი თანხა კრედიტით აქვთ აღებული.

ადგილობრივები ხელისუფლებას დავალიანებების გადავადებასა და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყარო და მუნიციპალიტეტის სოფლები – მაჩხაანი, არბოშიკი და სამრეკლოც დააზარალა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა. კახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.