„ლაღი ფეხბურთის წლები“ – წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

„ლაღი ფეხბურთის წლები“ – ასე ეწოდება ოთხტომეულის პირველ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა.

ნამუშევარი ასახავს ქართული ფეხბურთის ისტორიას დაარსებიდან 1941 წლამდე. წიგნში შესულია წერილები, მოგონებები და ფრაგმენტები სხვადასხვა გამოცემებიდან, რომლებიც ქართული ფეხბურთის პირველ ნაბიჯებზე მოგვითხრობენ.

„ლაღი ფეხბურთის წლები“ იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც „ქართული ფეხბურთის საუკუნე“ ჰქვია და ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის ისტორიას ეხება – დაარსებიდან დღემდე.

იდეის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა. პროექტი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

სერიის სხვა წიგნების გამოცემა უახლოეს მომავალში იგეგმება.