კვლევის პრეზენტაცია

„თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე,“ – სწორედ ამ ფორმულირების შეკითხვა მოხვდა  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეხება.

გამოკითხულთა 57 % ოპტიმისტურადაა განწყობილი, 27 % კი ამბობს, რომ „არაფერი გვეშველება.“ ამასთან, გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში თანამდებობის პირები უფლებამოსილებას პირადი გამორჩენისთვის იყენებენ, ხელისუფლება კი ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

რესპონდენტთა 31% საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს. პარალელურად კი კვლევის მონაწილეთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ, ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი + – 2.3 %-ს ფარგლებშია.

დატოვე კომენტარი