კვირაცხოვლობა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიომ აღავლინა. შემდეგ კი – მრევლმა მისი ქადაგება მოისმინა, სადაც მეუფემ ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქადაგების შემდეგ პატრიარქის ბრძანებით, მეუფე შიომ სასულიერო პირები, სპეციალური ოქროს ჯვრებით დააჯილდოვა. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე – აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.