კვერცხზე ფასები მცირდება
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, „სავანეთი,“ „დილა,“ „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიები ამის მიზეზად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ასახელებენ, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. დღესვე საკითხს გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო, სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.