კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერდა   

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროებით შეაჩერა.   ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ხეების მოჭრის ფაქტების შესახებ შეტყობინება შემოვიდა, პარალელურად, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ, რაზეც რეაგირება მოხდა.

გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა და მოხდა თუ არა ხეების უკანონო ჭრა. თავად კომპანიის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, ხეები კი ორი წლის წინ, ხმობის შედეგად წაიქცა.

ადგილზე იმყოფებოდნენ  „პარტიზანი მებაღეებიც“, რომლებიც ამბობენ, რომ ტერიტორია წლებია სადავოა და მათი ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა კომპანის არ აქვს.