ხელოვანების ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების პასუხად მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა დღეს სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათი პოზიციაა, რომ დათო დოიაშვილს ანდრო ჭიჭინაძის მიმართ სოლიდარობის და ქვეყანაში ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებზე გამოთქმული პროტესტის გამო სჯიან. მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მიმდინარე თეატრის დასი კულტურის სამინისტროს ლეგიტიმაციას არ აღიარებს და თანამდებობიდან დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებასაც უკანონოდ აცხადებს. თავის მხრივ სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო თვეებში თეატრში შემოქმედებითი პროცესი შეწყვეტილი იყო და კანონით დადგენილი ვალდებულება ირღვეოდა. უწყება მიუთითებს, რომ შესაბამისი გაფრთხილება თეატრმა რამდენჯერმე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, რასაც დასის წევრების მწვავე პროტესტი და გაფიცვა მოჰყვა. ჭიჭინაძის დაკავების დასაგმობად იანვარში თეატრმა საპროტესტო მანიფესტი და პერფორმანსი წარმოადგინა და რეგიონებში გასვლა დაიწყო.