კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში
საქართველოს კულტურის მინისტრი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ორმხრივი მუშაობის მნიშვნელობას. მხარეებმა როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ისე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებითა და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს ანკარაში გაიხსნება. სამომავლო პროექტების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ჩატარება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ადგილზე, თბილისში.